რეგისტრაციის № 824
რეგისტრაციის თარიღი: 2012.02.22
ადგილწარმოშობის დასახელება: ბორჯომი
საქონლის დასახელება, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის რეგისტრაცია:
კლასი 32 - ნატურალური მინერალური წყალი.
განმცხადებლის დასახელება და მისამართი:
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მარშალ გელოვანის გამზ. №6, 0159 თბილისი (GE)
განსაკუთრებული თვისებები:
ბევრი სხვა მინერალური წყლისგან განსხვავებით, ბორჯომის წყალი ვერ ასწრებს მიწის ქვეშ გაციებას და ზედაპირზე ამოდის თბილი სახით (34-41 oC), რომელიც ,,გზადაგზა“ მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული 60 სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით.
ბორჯომის წყალი შეიცავს სტრონციუმს, ფტორს, იოდს და ბორს. სტრონციუმის შემცველობა ჭაბურღილების წყლის ნიმუშებსა და პროდუქციაში შეადგენს 4,0-20,0 მგ/ლ, ფტორის 3-10,6 მგ/ლ, იოდის 0,3-1,5 მგ/ლ, ბორის 3,0-10,0 მგ/ლ.
ქიმიური შემადგენლობა:
საბადოს სხვადასხვა უბანზე წყლის მინერალიზაცია 2-იდან 7გ/ლ-მდეა. ახასიათებს მჟავე რეაქცია (pH-6,7-6,9). წყლის ტემპერატურა 34-იდან 41 °C-მდე მერყეობს.
ბორჯომის წყალში არ ფიქსირდება ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, პესტიციდები, პოლიქლორბიფენილები, ნავთობპროდუქტები, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები.
გეოგრაფიული ადგილის მდებარეობის აღწერა:
მინერალური წყალი ,,ბორჯომის“ საბადო მდებარეობს საქართველოში, ქალაქ ბორჯომში მდებარე მტკვრის ვიწრო ხეობაში, აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის ცენტრალურ ნაწილში. ტერიტორია შეადგენს 20კვ.კმ და მოიცავს სამ საექსპლუატაციო უბანს: ცენტრალურს, ლიკანისა და ვაშლოვანი-ყვიბისის უბნებს. ბორჯომის წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8-10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი ნახშირორჟანგა გაზის მეშვეობით.