Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
სახელგანთქმული გამომგონებლები
 

ბორის ალექსანდრეს ძე რჩეულოვი (რჩეული)

 

ვიდეო მაგნიტური ჩამწერი სისტემა პირველად 1924 წლის 15 სექტემბერს იქნა დაპატენტებული ფიზიკოსის ბორის ალექსანდრეს ძე რჩეულოვის მიერ. 1922 წელს ბორის რჩეულოვმა გამოიგონა მოძრავ რკინის ლენტზე ჩაწერის სისტემა თავისი გადასახვევი კოჭით. ამ მოწყობილობის საშუალებით  შესაძლებელი გახდა ვიზუალური და ხმოვანი სიგნალების აღწარმოება და მრავალ მიმღებზე ერთდროული მიღება.

მისი სხვა მნიშვნელოვანი გამოგონებებია – ელექტროლიტური კონდენსატორი, კანიფოლით შევსებული სარჩილავი მავთული, სამხედრო დანიშნულების ელექტრონული მოწყობილობები და ტელევიზიისათვის განკუთვნილი ხელსაწყოები.

ბორის რჩეულოვი (რჩეული) დაიბადა 1899 წლის 10 აგვისტოს ტიფლისში   1- ლი კავკასიური სასანგრე ბატალიონის შტაბს-კაპიტან ალექსანდრე გრიგოლის ძე რჩეულოვის ოჯახში. მისი ნათლია იყო ფეოდორ შალიაპინი. ბორის რჩეულოვი სწავლობდა პეტერბურგის ალექსანდრეს სახელობის კადეტთა კორპუსში, შემდეგ სწავლა განაგრძო პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. მოგვიანებით რჩეულოვი გაემგზავრა ინგლისში, სადაც მუშაობდა ვიდეო-მაგნიტურ ჩამწერ ხელსაწყოზე. მან იქვე დააპატენტა ეს უნიკალური გამოგონება. 1927 წელს ბორის რჩეულოვს უარი უთხრეს ვიზის გაგრძელებაზე და იგი დაბრუნდა ყოფილ საბჭოთა კავშირში.

     ბორის რჩეულოვი გარდაიცვალა ლენინგრადში ბლოკადის დროს. უკანასკნელი ცნობა გამომგონებლის  პირადი საქმიდან: "გაცემულია III რანგის  სამხედრო ინჟინერზე ბორის ალექსანდრეს ძე რჩეულოვზე მასზედ, რომ იგი 1942 წლის 5 თებერვლიდან სამკურნალოდ  იმყოფებოდა სამხედრო ჰოსპიტალში N 1014, სადაც 1942 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა”.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

ალექსანდრე ქართველიშვილი

 

 

     ალექსანდრე ქართველიშვილი დაიბადა 1896 წლის 9 სექტემბერს ქ. თბილისში. იგი სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ალექსანდრე  მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ საავიაციო საქმის შესასწავლად ალექსანდრე საფრანგეთის უმაღლეს საავიაციო სკოლაში მიავლინა. იქ მან ინჟინრის განათლება მიიღო, მაგრამ აღარ ისურვა "საბჭოთა საქართველოში‘’ დაბრუნება და სწავლა უმაღლეს ელექტროტექნიკურ სკოლაში განაგრძო. სხვა ემიგრანტების მსგავსად, ალექსანდრე ქართველიშვილსაც გაუჭირდა საფრანგეთში პროფილით სამსახურის მოძებნაDდა იგი იძულებული გახდა მათემატიკის მასწავლებლად ემუშავა, თუმცა ამავე პერიოდში იგი დაეუფლა მფრინავის პროფესიას და  ფირმა "Blerio’’-ში მოეწყო მფრინავ-გამომცდელად. გარკვეული დროის შემდეგ მას შეემთხვა ავარია, რის შედეგადაც ხერხემალი დაიზიანა. სწორედ ამ მძიმე გარემოებამ განაპირობა ალაქსანდრეს საკონსტრუქტორო მოღვაწეობით დაინტერება. მან მუშაობა დაიწყო "Societe Industrielle’’-ში ინჟინრად და  "Ernar’’    და "Perbois’’-ს თვითმფრინავების შექმნაში მიიღო მონაწილეობა. ამ თვითმფრინავმა 1924 წელს მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიჩქარეში.

 1927 წელს ქართველიშვილმა გაიცნო ავიაციით გატაცებული მილიონერი ჩარლზ ლევინი. ქართველმა კონსტრუქტორმა გაანდო მას თავისი და მისი მეგობრების ახალი თვითმფრინავის მოდელის დამზადების პროექტი, რომელიც ატლანტიკის ოკეანეს გადაუფრენდა და შეძლებდა ამერიკასა და ევროპას შორის ფრენას. ლევინი დაინტერესდა ამ იდეით და პროექტის განსახორციელებლად მიიწვია ალექსანდრე და მისი ორი მეგობარი ამერიკაში, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ  ლევინსა და კონსტრუქტორებს შორის უთანხმოება გაჩნდა, მიზეზი კი ლევინის  კონსტრუქტორების მუშაობაში უხეში ჩარევა იყო. შესაბამისად, პროექტმა ვერ გაამართლა და განაწყენებული ქართველიშვილი დაშორდა ლევინს. 1931 წელს ალექსანდრემ გაიცნო ემიგრანტი  ავიაკონსტრუქტორი სევერსკი, რომელიც ასევე თბილისში იყო დაბადებული და გაზრდილი. სევერსკიმ ჩამოაყალიბა კომპანია "AIRCRAFT CORPORATION’’ (შემდგომში REPUBLIC), სადაც ალექსანდრე მთავარ ინჟინრად დანიშნა. მათ რამდენიმე შესანიშნავი თვითმფრინავი შექმნეს: ამფიბია SEV-3, სასწავლო საწვრთნელი AT-8, ჩქაროსნული გამანადგურებელი P-35, საესკორტო გამანადგურებელი 2PA. ამ თვითმფრინავების შექმნამ დიდი სარგებელი მოუტანა კომპანიას და ამერიკაში  ლიდერ კომპანიადაც აქცია. AT-8 გახდა ამერიკის არმიის ძირითადი საწვრთნელი თვითმფრინავი, ხოლო P-35 - აშშ-ს  შეიარაღების მთავარი გამანადგურებელი. ამ თვითმფრინავმა მონაცემებით დაჯაბნა სსრკ-ს შეიარაღებაში არსებული ძირითადი გამანადგურებელი И-16.

1939 წელს კომპანიის აქციონერთა კრებამ სევერსკი გაათავისუფლა პრეზიდენტობიდან. აქციონერთა უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სევერსკიმ იაპონიას მიყიდა თვითმფრინავები, იაპონია კი იმ დროისათვის ამერიკის მეტოქედ მოიაზრებოდა. აქციონერებმა კომპანიას შეურჩიეს ახალი სახელი "REPUBLIC’’-ი, ხოლო ალექსანდრე დაინიშნა კომპანიის ვიცეპრეზიდენტად და  საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელად. ამ დროიდან მოყოლებული ალექსანდრე იყო ამერიკული სამხედრო ავიაციის ერთ-ერთი  უმთავრესი წამყვანი კონსტრუქტორი. მეორე მსოფლიო ომის ლეგენდა, მსოფლიო საავიაციო ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო თვითმფრინავი P-47 THUDERBOLT-იც სწორედ ალექსანდრე ქართველიშვილის შექმნილია. 1941 წელს გამოშვებულმა ერთადგილიანმა გამანადგურებელმა მსოფლიო წარმატება მოუტანა კომპანიას. თვითმფრინავმა ყველა ფრონტზე მიიღო მონაწილეობა. წარმოებული იქნა 15 000 თვითმფრინავი. ეს მოდელი მოხვდა 15 ქვეყნის, მათ შორის საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში. 1950-იან წლებში ალექსანდრემ კიდევ ერთი შედევრი შექმნა - F-105. ეს თვითმფრინავი ამერიკელების საუკეთესო გამანადგურებელი გამოდგა უკვე ვიეტნამის ომში.

 თვითმფრინავის შექმნისას ქართველიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მის აეროდინამიკას  და გარეგნულ, ესთეტიურ მხარეს. ალექსანდრე პენსიაზე გასვლის შემდეგაც მუშაობდა თავის კომპანიაში. იგი იყო ამერიკის ნაციონალური აერონავტული ასოციაციის წევრი, საერთაშორისო საავიაციო საზოგადოებისა და სხვა საავიაციო ორგანიზაციების წევრი, მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი. მან  უცხო ქვეყანაში საკუთარ წარმომავლობაზე გაამახვილა  განსაკუთრებული ყურადღება და სახელად ალექსანდრე ქართველი დაირქვა. მისი მეუღლე იყო ამერიკელი ჯინ რობინსი. მათ შვილები არ ეყოლათ. ალექსანდრე ქართველი   გარდაიცვალა 1974 წელს ნიუ იორკში.  

 

 

  ალექსანდრე ნადირაძე

 

ალექსანდრე ნადირაძე დაიბადა 1914 წლის 20 აგვისტოს ქ. გორში, მასწავლებლის ოჯახში. საკონსტრუქტორო მოღვაწეობა ალექსანდრემ 1932 წელს დაიწყო თბილისში «ოსოავიაქიმის» საქართველოს საბჭოს ავიასამოდელო ლაბორატორიაში, სადაც დაფიქსირდა მისი პირველი გამოგონება საფრენი აპარატების დარგში. 1936 წელს, ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, რუსეთში გადასახლდა და მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. 1938 წლიდან სწავლის პარალელურად იგი მუშაობდა ცენტრალურ აეროჰიდროდინამიკურ ინსტიტუტში ინჟინრად, შემდეგ – ჯგუფის ხელმძღვანელად. ალექსანდრე ნადირაძის კვლევის საგანი იყო თვითმფრინავის საჰაერო ბალიშის პრინციპზე დაფუძნებული ამფრენ-დამჯდომი მოწყობილობა. სწორედ ეს მოწყობილობა დამონტაჟდა "УТ-2Н ‘’ტიპის თვითმფრინავზე.

1941წლიდან იგი მუშაობდა მთავარ კონსტრუქტორად მოსკოვის გორბუნოვის სახელობის 22-ე ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროში, სადაც სარაკეტო ტექნიკის გამოკვლევას შეუდგა და ომის წლებშივე ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების ხუთი სახეობა გამოიგონა. 1945 წელს ნადირაძემ შექმნა მოსკოვის მექანიკური ინსტიტუტის რეაქტიული შეიარაღების ფაკულტეტთან არსებული საკონსტრუქტორო ბიურო. 1948 წელს ბიურო « КБ-2 »-ს შეუერთეს და ნადირაძე დაინიშნა ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ჭურვებისა და არამართვადი ზენიტური რაკეტების შემუშავების ქვეგანყოფილების ხელმძღვანელად.

მოგვიანებით უკვე დაგროვილი გამოცდილებით ნადირაძემ შექმნა მსოფლიოში პირველი მეტეოროლოგიური კვლევითი რაკეტა "МР-1‘’. 1951 წელს ხელისუფლების დადგენილებით  ალექსანდრეს რადიომართვადი ბომბ "УБ-2Ф’’ –ით აღჭურვილი საავიაციო კომპლექს "ЧАИКА’’-ს შექმნა დაევალა,  რომელიც უკვე 1955 წელს  მიღებულ იქნა შეიარაღებაში.

გარკვეული პერიოდის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ მოაწყო კონკურსი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შექმნის საუკეთესო პროექტზე. კონკურსზე გამარჯვება ალექსანდრე ნადირაძემ მოიპოვა. 1966წელს მას დაევალა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა მოძრავი საგრუნტო კომპლექსისათვის (ТЕМП-20) შექმნა.

ამ პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ 1971 წელს ნადირაძის საკონსტრუქტორო ბიურომ კომპლექს "ПИОНЕР’’-ზე დაიწყო მუშაობა. 1976 წელს სარაკეტო კომპლექსი "ПИОНЕР’’ შეიარაღებაში მიიღეს. ეს "სარაკეტო-ბირთვული ფარი‘’ იყო იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ნამდვილი სიამაყე. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის ავიაციისა და კოსმონავტიკის მუზეუმში « ПИОНЕР »-ის ერთ-ერთი ეგზემპლარი დღემდე მთავარ ექსპონატად ინახება. ჩვენი დროის სამხედრო–ტექნიკური საოცრების "ТОПОЛЬ’’-ის ავტორი და შემქმნელიც სწორედ ალექსანდრე ნადირაძეა.

სარაკეტო სისტემებისა და საავიაციო შეიარაღების კონსტრუქტორის, ორგზის სოციალისტური შრომის გმირის, ლენინური და სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, თბილისის საპატიო მოქალაქის, აკადემიკოსის, ინჟინერ-გენერალ-პოლკოვნიკის ალექსანდრე ნადირაძის სახელი ათწლეულების განმავლობაში უაღრესად გასაიდუმლოებული იყო, რომლის ამოცნობასაც უშედეგოდ ცდილობდნენ მსოფლიოს საუკეთესო სადაზვერვო სამსახურები.

1987წლის 3 სექტემბერს ალექსანდრე ნადირაძე უეცრად, გულის შეტევით გარდაიცვალა.  იგი დაკრძალულია მოსკოვში ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

 


           გიორგი ბერიევი
(ბერიაშვილი)

 

დაიბადა 1903 წლის 13 თებერვალს, თბილისში.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო საკონსტრუქტორო ბიუროში, სადაც საზღვაო ახლო მოქმედების  სადაზღვევო თვითმფრინავი МБР-2 შექმნა. 1934 წელს აზოვის ზღვისპირა ქალაქ ტაგანროგში ბერიევმა ჩამოაყალიბა ახალი საკონსტრუქტორო ბიურო, რომლის ხელმძღვანელიცა და მთავარი კონსტრუქტორიც თავად იყო. ტაგანროგის საკონსტრუქტორო ბიუროში შეიქმნა საზღვაო ავიაციის  ახალი მოდელები КОР-1, БЕ-2.

მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა ბიუროს ევაკუირება ციმბირში. ომის დასრულების შემდეგ კი ბიურო  ისევ ტაგანროგში დააბრუნეს. მალევე  საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში შევიდა მაღალი მახასიათებლების მქონე ბერიევის  მფრინავი ნავი БЕ-6. მისი ხელმძრვანელობით ასევე შეიქმნა წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო თვითმფრინავი ამფიბია БЕ-12, რომლის სხვადასხვა მოდიფიკაციები დღესაც არის მსოფლიოს მრავალი არმიის შეიარაღებაში. ეს თვითმფრინავები საცდელ ფრენებს საქართველოში პალიასტომის ტბაზე გადიოდნენ. ბერიევის საკონსტრუქტორო ბიუროშია შექმნილი ცნობილი თვითმფრინავები: БЕ-6, БЕ-12, А-50, БЕ-200  და სხვ.

БЕ ინდექსი ბერიევის გვარის პირველი ასოებია. ბერიევის სახელობის საკონსტრუქტორო ბიურო დღემდე უშვებს თვითმფრინავებს ამ ინდექსით.

 ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და საინჟინრო ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი  გიორგი ბერიევი (ბერიაშვილი) გარდაიცვალა მოსკოვში 1979 წელს.

 

 

 


tag: