ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის შექმნა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება, საინოვაციო საქმიანობის ხელშეწყობა და ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების კონტროლის სისტემის დანერგვის საკითხები განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა დავით სუჯაშვილმა .
საბჭოში 10 მარტს (2015 წ.) გამართულ შეხვედრაზე, საქპატენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აღნიშული პროექტების ეფექტურად განხორციელებისთვის, ისევე როგორც ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებისთვის, ძალზედ მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინირებული მუშაობა და შესაბამისი უწყებების ჩართულობა. საბჭოს მდივანმა დავით სუჯაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება განისაზღვრა, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში და შესაბამის საკანონმდებლო აქტებში. ინტელექტუალური საკუთრების სათანადო დონეზე დაცვა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს, რადგან ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა თანამედროვე სამყაროში დამკვიდრების აუცილებელ წინაპირობაა.
|