ლატვიის საპატენტო უწყების ორგანიზებით, ქალაქ რიგაში გამართულ კონფერენციაში „ინტელექტუალური საკუთრება და მის ფარგლებს გარეთ“ , საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ მიიღო მონაწილეობა.
3 და 4 მარტს (2015 წ.), ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ ინტელექტუალური საკუთრების თემაზე მომუშავე ექსპერტები, წარმომადგენლები ისმო-დან, ევროპის საპატენტო და ევროკავშირის შიდა ბაზრის ჰარმონიზაციის უწყებებიდან, ევროპარლამენტის წევრები და საპატენტო უწყების ხელმძღვანელები სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენცია გამოცდილების გაზიარებას, მოვლენების ანალიზსა და მიმდინარე საკითხების განხილვას ემსახურებოდა.
კონფერენციის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარემ ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან პროფესორ ფრენსის გარისთან, საქართველოში მისი ვიზიტის დეტალების შესახებ და ლატვიის საპატენტო უწყების ხელმძღვანელთან სანდრის ლაგანოვსკისთან. ლატვიის და საქართველოს საპატენტო უწყებებს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა თანამშრომელთა რეგულარული შეხვედრების ორგანიზება, კერძოდ, გამოცდილების გაზიარება სააპელაციო პალატის საქმიანობის და სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის გაუმჯობესებისთვის.
|