საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ ეკატერინე ეგუტიამ
მონაწილეობა მიიღო ისმო-ს მესამე რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაში ინტელექტუალური
საკუთრებისა და ტექნოლოგიების გადაცემის შესახებ: საერთო გამოწვევები და
გადაწყვეტილებები, რომელიც გაიმართა 24-25 ოქტომბერს სტამბულში (თურქეთი).
ორდღიანი საკონსულტაციო შეხვედრების განმავლობაში განხილული იყო სხვადასხვა
საინტერესო თემა, კერძოდ: ტექნოლოგიების გადაცემა და ისმო-ს განვითარების დღის
წესრიგი, ახალი მიმართულებები საერთაშორისო ტექნოლოგიების გადაცემაში და
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გადაცემის ხელშეწყობისკენ მიმართული ისმო-ს
ძალისხმევა, გარდამავალი ეკონომიკის სისტემები, ტექნოლოგიების ეფექტური გადაცემის
ინსტრუმენტები და პლატფორმები.
ეკატერინე ეგუტია მიწვეული იყო ისმო-ს მიერ მომხსენებლად საქართველოში
ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის ჩამოყალიბებისა და განვითარების სფეროში
გამოცდილების გასაზიარებლად.
ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრების როლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა
სუბიექტს შორის ცოდნისა და ტექნოლოგიის წვდომისა და გადაცემის საქმეში ეროვნულ
(უნივერსიტეტი - კერძო სექტორი - მრეწველობა) და რეგიონულ/საერთაშორისო დონეებზე.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა 21 ქვეყნის წარმომადგენელი, ყურადღება გამახვილდა
გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ეროვნული გამოცდილებისა და აპრობირებული
პრაქტიკის გაზიარებაზე ტექნოლოგიის გადაცემის სფეროში.
კონსულტაციების დასასრულს დამსწრე წევრი ქვეყნების დელეგატებმა მიიღეს ,,სტამბულის
რეკომენდაციები" ტექნოლოგიების გადაცემის სფეროში ისმო-ს მომავალი დახმარების
თაობაზე.
|