Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
სემინარი თემაზე: ყალბი და არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების იდენტიფიცირება

2013 წლის 3 სექტემმბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ბიზნეს პროგრამების უზრუნველყოფის ალიანსის (www.bsa.org) ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს ძალოვანი ორგანოების თანამშრომლებისთვის ჩატარდა მნიშვნელოვანი ტრენინგი ყალბი და არალიცენზირებული პროგრამების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით. ტრენინგზე ასევე მიწვეულნი იყვნენ საქპატენტის თანამშრომლები.

ტრენინგის მონაწილეებს გააცნეს უახლესი მეთოდები, თუ როგორ უნდა მოხდეს გასაყიდად წარმოდგენილი, საცალო გაყიდვაში და კომპიუტერულ მაღაზიებში შეთავაზებული, ასევე კომპანიებში გამოყენებული არალიცენზირებული და ყალბი პროგრამების იდენტიფიცირება. დისკუსიები გაიმართა გამოძიების ადრეულ ეტაპებზე პროგრამებისა და კომპიუტერების სადისტრიბუციო ქსელში საცდელ შესყიდვებთან დაკავშირებით, ასევე არალიცენზირებული პროგრამების მომხმარებელი კომპანიების გამოვლენის მეთოდებსა და არალიცენზირებული (კონტრაფაქციული) კომპიუტერული პროგრამების დადგენის მიდგომებთან დაკავშირებით; სემინარზე ასევე იმსჯელეს ამ მიმართულებით სახელმწიფო ორგანოებსა და უფლებათა მფლობელებს შორის ზოგად თანაშმრომლობაზე.

საგულისხმოა, რომ "საავტორო და მომიჯნავე უფლებების" შესახებ საქართველოს კანონის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად მფლობელებს ქვეყანაში თავიანთი უფლებების დასაცავად შეუძლიათ მიმართონ სხვადასხვა სამართლებრივ ზომებს.

ზემოაღნიშნულ სპეციალიზირებულ ტრენინგში სახელმწიფო ორგანოების ასეთი ფართომასშტაბიანი მონაწილეობა გაზრდის კომპიუტერული პროგრამების საავტორო უფლებების დაცვას ქვეყანაში. 


tag: