Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
საქპატენტის განცხადება

ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გარკვეული უზუსტობებით გავრცელდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ ახალი ქართული დასახელებების დაცვასთან დაკავშირებით.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ 2011 წლის 30 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე საქპატენტმა დაიწყო 3 ახალი ადგილწარმოშობის დასახელებისა და 16 გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის (და არა “ბრენდების დაპატენტების”, როგორც ამას არასწორად მიუთითებენ მასმედიის წარმომადგენლები) პროცედურა. შესაბამისად, საქპატენტში უკვე რეგისტრირებული 18 ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების გათვალისწინებით, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების ნუსხა 37-მდე გაიზარდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განაცხადში ადგილწარმოშობის დასახელებებად სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია მინერალური წყლები: „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“, „საირმე“, ხოლო გეოგრაფიულ აღნიშვნებად სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია დასახელებები: ,,თუშური გუდა”, ,,იმერული ყველი”, ,,კობი”, ,,სვანური სულგუნი”, ,,ჩოგი”, ,,მაწონი”, ,,მეგრული სულგუნი”, ,,სულგუნი”, ,,გუდა”, ,,ქართული ყველი”, ,,ტენილი”, ,,დამბალხაჭო”, ,,აჭარული ჩლეჩილი”, ,,მესხური ჩეჩილი”, ,,ჩურჩხელა” და ,,ჭაჭა”.

საქპატენტმა ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სია, არსებული ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში, მათ ტერიტორიაზე აღიარებისა და დაცვის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით უკვე გაუგზავნა რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და ევროკავშირის შესაბამის უწყებებს.


tag: