Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
აფხაზეთში შექმნილ უკანონო საპატენტო უწყებასთან თანამშრომლობისთვის სერბულმა კომპანიამ ბოდიში მოიხადა

აფხაზეთში უკანონო საპატენტო უწყების შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა პროტესტი გამოთქვა და უცხოეთის შესაბამის უწყებებში საგანგებო მიმართვა დააგზავნა. საქპატენტის მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული მომსახურება აფხაზეთში – უკანონოა, საპატენტო უწყების ფუნქციონირება და მასთან თანამშრომლობა ოკუპაციის შესახებ კანონის თანახმად ყველა სუბიექტის მიერ აღიქმება, როგორც კანონდარღვევა.

რამდენიმე დღეში საქპატენტმა მიიღო წერილი, რომელშიც ერთ-ერთი სერბული იურიდიული კომპანიის ხელმძღვანელობა ბოდიშს იხდის მის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის თანახმადაც აღნიშნული იურიდიული ფირმა პოტენციურ კლიენტებს აფხაზეთის საპატენტო უწყებაში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის მომსახურებას სთავაზობდა.

კომპანია ,,პეტოშევიჩის“ ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენელი ტანია დიკლიჩი წერს: ,,შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენს მიერ აქ http://www.petosevic.com/resources/news/2011/04/000644 განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენდა არანაირ პოლიტიკურ მიკერძოებას, არამედ მიზნად ისახვდა მომხმარებლების ინფორმირებას რეგიონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. ჩვენ ვწუხვართ თუ ეს ინფორმაცია არ იყო სწორი.

ჩვენ განვაგრძობთ ინფორმაციის ვებ გვერდიდან მოხსნას, ისე რომ უკეთესად ავსახოთ ის გარემოებები, რაც თქვენს წერილში იყო მითითებული.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოგმართავთ მხოლოდ თქვენ, რათა ინფორმაციის პირველი წყარო იყოს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება.“


tag: