Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
„OriGin“ და „OriGin-საქართველოს“ შორის სალიცენზიო ხელშეკრულება გაფორმდა

საქპატენტისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული „OriGin - საქართველო“ გახდა გლობალური ალიანსის „OriGin“ - ის წევრი და საქმიანობას მისი ლოგოთი გააგრძელებს. სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე სალიცენზიო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია, შედგა დღეს, 28 ოქტომბერს (2016 წ.), თბილისში მიმდინარე კონფერენციის „ბრენდინგის სტრატეგიების“ ფარგლებში.

„OriGin“ არის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე. მისი დახმარებით „OriGin საქართველო“ საქართველოში მოქმედ მეწარმეებს დაეხმარება პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების გამოვლენაში და მათი მახასიათებლების დადგენაში შემდგომი რეგისტრაციის მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. თანამშრომლობა ითვალისწინებს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებში მონაწილეობაში.

გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული არეალის სახელი, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის მოსანიშნად, რომლის განსაკუთრებული თვისებები და ხარისხი უშუალოდაა განპირობებული ამ გეოგრაფიული ადგილის დამახასიათებელი (ხშირად უნიკალური) გარემო პირობებით (ნიადაგი, წყალი, ჰავა, ტრადიციული წარმოების წესი). გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტის ღირებულება საშუალოდ 2.5-ჯერ აღემატება ანალოგიური სხვა პროდუქტების ფასს და სარგებლობს ბაზარზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნით. გეოგრაფიული აღნიშვნები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნების რეგიონულ განვითარებაში, კერძოდ მათი გამოყენება:

• შესაბამის რეგიონებში ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების საგრძნობ ზრდას;

• ამცირებს რეგიონებიდან სამუშაო ძალის გადინებას და პირიქით, ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას;

• ზრდის რეგიონის ცნობადობას და ხელს უწყობს აგრარული ტურიზმის განვითარებას.

გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა წარმოადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას. ამჟამად საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან 40-ზე მეტი (ღვინო, მინერალური წყალი, ყველი და სხვ.) რეგისტრირებულია, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის.


tag: