7 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენრს საქპატენტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ.
მემორანდუმის მიზანია, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის და ეფექტური მართვის, ინოვაციური საქმიანობის წახალისებისა და განვითარებისათვის მიმართული ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება. მიზნებიდან გამომდინარე მხარეები ითვალისწინებენ ტექნოლოგიებისა და ინოვაციიების უდიდეს გავლენას ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ზრდასა და განვითარებაზე, უნივერსიტეტების მზარდ როლს ახალი ტექნოლოგიების შექმნაში, დანერგვასა და ინოვაციური Start-Up კომპანიების შექმნაში.
მხარეები თანხმდებიან მოამზადონ და სამოქმედოდ მიიღონ სამართლებრივი ბაზა უნივერსიტეტებში გამომგონებლობითი საქმიანობის წახალისებისა და მისი შედეგების კომერციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით; გაუწიონ დახმარება უნივერსიტეტის სამეცნიერო - კვლევით სტრუქტურულ ერთეულებს და ლაბორატორიებს საპატენტო - საინფორმაციო კვლევების ჩატარებასა და ამ კვლევების მეთოდიკების ათვისებაში; საჭიროების შემთხვევაში, მოამზადონ წინადადებები უნივერსიტეტის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაში/პროგრამებში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის არჩევითი სასწავლო კურსის გათვალისწინების თაობაზე; თსუ და საქპატენტი ვალდებულებას იღებენ მოაწყონ ერთობლივი სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები ინოვაციური განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პრობლემატიკასთან დაკავშირებით; შეიმუშაონ და განახორციელონ ღონისძიებები უნივერსიტეტში ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის შექმნის თაობაზე; უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისაგან შეარჩიონ ათკაციანი ჯგუფი მაღალპროფესიონალი საპატენტო ექსპერტების მომზადების მიზნით; განახორციელონ ერთობლივი სამეცნიერო და სხვა სახის პუბლიკაციების გამოცემა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.
|