Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
„ხმა აიმაღლე მუსიკისთვის“ - ვორქშოფი მუსიკოსებისთვის



„ხმა აიმაღლე მუსიკისთვის“ - ამ სლოგანით აღინიშნება წელს 26 აპრილს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის წლევანდელ თემასთან დაკავშირებით აგრძელებს კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ბრძოლა მეკობრეობისა და საავტორო უფლებების დარღვევების წინააღმდეგ. კამპანიის ფარგლებში ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტი, შაბათს, 18 აპრილს სამუშაო შეხვედრას გამართავს მუსიკოსებთან საავტორო უფლებების დაცვის თემაზე. ვორქშოფი გაიმართება ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრში და საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე მუსიკოსებთან განიხილავს თემებს „როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები“ და „საავტორო უფლებების დარღვევა და ზიანის ანაზღაურება“. მუსიკოსების წინაშე ასევე მოხსენებით წარსდგება საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე თემით „ როგორ ვმართოთ საავტორო უფლებები“. ვორქშოფი დღის 12 საათზე დაიწყება და 3 საათს გასტანს, თითოეულ თემას ნახევარი საათი დაეთმობა. შეხვედრის ბოლოს საქპატენტის თავმჯდომარე მუსიკოსების კითხვებს უპასუხებს და პრაქტიკულ რჩევებს მისცემს მათ საავტორო უფლებების დაცვის თემაზე.

ვორქშოფში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ მუსიკოსებს, ადგილი განსაზღვრულია მხოლოდ 30 მონაწილესთვის. დასწრების მსურველი რეგისტრაციის გასავლელად უნდა დაუკავშირდნენ საქპატენტს 17 აპრილის ჩათვლით (18:00 საათამდე): ტელ.: +99532 2252533 ელ.ფოსტა: ipday@sakpatenti.org.ge


tag: