კონკურისის ჩატარების მიზანი - საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი (26 აპრილი) მიძღვნილი საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოების შერჩევა და გამარჯვებული ავტორის გამოვლენა.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს გარდა საკონკურსო კომისიის წევრისა და/ან მისი ახლო ნათესავისა.
თანაავტორობის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია ავტორთა საერთო განაცხადით.
კონკურსზე წარმოდგენილი მუსიკალური ნაწარმოები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- უნდა შეიცავდეს ტექსტს და იყოს შექმნილი პირადად კონკურსანტ(ებ)ის მიერ;
- იმ შემთხვევაში, თუ ნაწარმოების შემსრულებელი სხვა პირია, კონკურსანტ(ებ)ს უნდა ეკუთვნოდეს მისი შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რის თაობაზეც წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტი (ნიმუშის ჩამოსატვირთად დააჭირეთ ამ ლინკს);
- უნდა იყოს ორიგინალური;
- მისი შექმნით, არ უნდა დაირღვეს მესამე პირების საავტორო და მომიჯნავე უფლებები;
- კონკურსანტ(ებ)ის მიერ მუსიკალურ ნაწარმოებზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები არ უნდა იყოს გადაცემული მესამე პირებისათვის;
- მუსიკალურ ნაწარმოებზე არ უნდა იყოს განხორციელებული სხვა ისეთი ქმედება, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს ან შეუძლებელი გახადოს ნაწარმოების გამოყენება ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა მიერ;
- მუსიკალური ნაწარმოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს;
- მუსიკალური ნაწარმოების ტექსტი უნდა გამოხატავდეს საავტორო უფლებებისადმი პატივისცემას, მოწოდებას მისი დაცვისა და დაცვის მნიშვნელობის შესახებ. ტექსტში გამოყენებული უნდა იყოს 2015 წლის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის (26 აპრილი) სლოგანი ქართულ ენაზე: ,,ხმა აიმაღლე მუსიკისთვის” (Get Up, Stand up. For Music). მისამღერი უნდა იყოს ორენოვანი (ქართული და ინგლისური) და შეიცავდეს ამავე სლოგანს ინგლისურ ენაზე: “Get Up, Stand up. For Music”. ტექსტი არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას ძალადობისა და დისკრიმინაციისკენ. მუსიკალური ნაწარმოები სასურველია იყოს მაჟორული და შეესაბამებოდეს ასეთი კატეგორიის მუსიკალური ნაწარმოებისადმი დამახასიათებელ მოთხოვნებს.
- მუსიკალური ნაწარმოების ჩანაწერის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს მინიმალურ სტანდარტებს, რომელიც ბგერების თავისუფლად აღქმის საშუალებას იძლევა.
- კონკურსი ტარდება ერთ ეტაპად.
- საკონკურსო ნამუშევრების მიღების ვადის გასვლიდან არაუმეტეს ხუთ სამუშაო დღეში საქპატენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (სამუშაო დღის ბოლოს) გამოცხადდება გამარჯვებული.
გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებული ჯილდო
- კონკურსში გამარჯვებულისათვის საქპატენტისა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ, ერთობლივად დაწესებულია ჯილდო 1000 (ათასი) ლარი და მობილური ტელეფონი (სმარტფონი). კონკურსში გამარჯვებული მუსიკალური ნაწარმოები ჩაიწერება სტუდიაში და გამოიცემა CD-დისკზე, ასევე მუსიკალურ ნაწარმოებზე შეიქმნება ვიდეო რგოლი.
- ფულადი ჯილდოს ანაზღაურება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, გამარჯვებულის გამოვლენიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები
- გამარჯვებული ნაწარმოები წარმოადგენს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული წესით შექმნილ ნაწარმოებს, რომელზეც განსაკუთრებული ქონებრივი უფლებები სრულად ეკუთვნის საქპატენტს და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას.
- გამარჯვებული ნაწარმოების შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლებები სრულად ეკუთვნის საქპატენტს და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას.
- კონკურსში მონაწილე ყველა სხვა ნაწარმოებზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები რჩებათ შესაბამის ავტორებს და ნაწარმოებები მოთხოვნისთანავე უბრუნდებათ მათ.
განაცხადის წარდგენის ფორმა და ვადა
- საკონკურსო ნაწარმოები წარმოდგენილი უნდა იყოს პირადად კონკურსანტ(ებ)ის მიერ.
- საკონკურსო ნაწარმოებს კონკურსანტ(ებ)ი წარმოადგენს კონვერტით. ნაწარმოები უნდა იყოს, ჩაწერილი ნებისმიერ ინფორმაციის ციფრულ მატარებელზე, mp3 ან wav ფორმატში, რომელიც იძლევა მისი რეპროდუცირების საშუალებას, ასევე, უნდა ახლდეს ნაწარმოების ტექსტი ნაბეჭდი სახით.
- კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.
- კონვერტზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტ(ებ)ის სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.
- კონკურსანტ(ებ)მა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
- კონკურსზე განაცხადების წარდგენის ვადა განისაზღვრულია 2015 წლის 07 აპრილიდან - 2015 წლის 15 აპრილის ჩათვლით.
- საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 15 აპრილი (2015 წ) 17:00 სთ-ი. სამუშაო დღეებში განაცხადები მიიღება 10:00-დან 17:00 საათამდე. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქპატენტის ვებ-გვერდზე www.sakpatenti.org.ge ან გამოაგზავნოთ კითხვები ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: ipday@sakpatenti.org.ge.
განაცხადის წარდგენის მისამართია: ქ. თბილისი, რამიშვილის ქ. N4. |