Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
„ხმა აიმაღლე მუსიკისთვის“ - მუსიკალური ნაწარმოების შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა

„ხმა აიმაღლე მუსიკისთვის“ - ამ სლოგანით აღინიშნება წელს 26 აპრილს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის წლევანდელ თემასთან დაკავშირებით იწყებს კამპანიას, რომლის მიზანია გარკვევით აუხსნას საზოგადოებას, რომ მეკობრეობა და საავტორო უფლებების დარღვევა დასჯადი ქმედებაა. კამპანიის ფარგლებში დღეს საქპატენტმა საავტორო უფლებების ასოციაციის თანაორგანიზატორობით მუსიკალური ნაწარმოების შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა. კონსურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, გარდა საკონკურსო კომისიის წევრისა და/ან მისი ახლო ნათესავისა. კონკურსის პირობების თანახმად, მუსიკალური ნაწარმოების ტექსტი უნდა გამოხატავდეს საავტორო უფლებების პატივისცემას, მოწოდებას მისი დაცვისა და დაცვის მნიშვნელობის შესახებ. ტექსტში გამოყენებული უნდა იყოს 2015 წლის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის სლოგანი ,,ხმა აიმაღლე მუსიკისთვის” და მისამღერი შეიცავდეს ამავე სლოგანს ინგლისურ ენაზე “Get Up, Stand up. For Music”. მუსიკალური ნაწარმოები სასურველია იყოს მაჟორული და ხანგრძლივობა არ აღემატებოდეს ხუთ წუთს.

საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან საქპატენტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის და საკრებულოს, კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის, საავტორო უფლებების ასოციაციის წარმომადგენლები და ხმის ჩამწერი სტუდია „ბრავო რექორდსი“. კონკურსში გამარჯვებულისთვის საქპატენტისა და საქართველოს ავტორთა ასოციაციის მიერ, ერთობლივად დაწესებულია ჯილდო 1000 (ათასი) ლარი და მობილური ტელეფონი (სმარტფონი). კონკურსში გამარჯვებული მუსიკალური ნაწარმოები ჩაიწერება სტუდია „ბრავო რექორდსში“ და გამოიცემა CD-დისკზე, ასევე მუსიკალურ ნაწარმოებზე შეიქმნება ვიდეო რგოლი.

საკონკურსო ნაწარმოები კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში, ჩაწერილი ნებისმიერი სახის ციფრულ მატარებელზე, mp3 ან wav ფორმატში, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სიმღერის ტექსტი ნაბეჭდი ფორმით.

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 15 აპრილი (2015 წ) 17:00 სთ-ი. მისამართი: საქპატენტის თბილისის ოფისი (რამიშვილის ქ. N4, სამუშაო დღეებში 10:00-დან 17:00 საათამდე. კონკურსის გამარჯვებული გამოცხადდება საქპატენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკონკურსო ნამუშევრების მიღების ვადის გასვლიდან არაუმეტეს ხუთ სამუშაო დღეში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქპატენტის ვებ-გვერდზე www.sakpatenti.org.ge ან გამოაგზავნოთ კითხვები ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: ipday@sakpatenti.org.ge.


tag: