Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
ინტერნეტ სერვის პროვაიდერები - ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მთავარი თემა იქნება

ინტერნეტ სივრცეში საავტორო უფლებების დარღვევა იქნება ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. საქპატენტის სათაო ოფისში დღეს გამართულ საბჭოს პირველ სხდომაზე განისაზღვრა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის აღნიშნული სფეროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ინტერნეტ სერვის პროვაიდერებთან დაკავშირებით. საქპატენტის ორგანიზებით შედგება ვიდეო-კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საავტორო უფლებების სფეროში მოღვაწე ექსპერტებისა და საბჭოს წევრების მონაწილეობით, აღნიშნული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო საქპატენტის ინიციატივით შეიქმნა და საბჭოს შემადგენლობაში არიან ყველა იმ უწყების წარმომადგენლები, რომლის ფუნქციები დაკავშირებულია სახელმწიფოს მხრიდან ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასა და აღსრულებასთან. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ნიკოლოზ გოგილიძე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე, მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გიორგი კობეშავიძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ასევე პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს და შსს-ს წარმომადგენლები. საბჭოს დამკვირვებლის სტატუსით ესწრება ევროკავშირის მისია საქართველოში.

საკოორდინაციო საბჭოს მიზანია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ხელშეწყობისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური სისტემის დანერგვა, ამ მიმართულებით, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის კოორდინაცია და ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების ეფექტურად განხორციელებას.

პირველ ეტაპზე საბჭო თვეში ერთხელ შეიკრიბება,მომდევნო სხდომა აპრილის შუა რიცხვებში დაიგეგმა.


tag: