Englishსაიტის რუკა ქართულიკონტაქტიმთავარი
საქპატენტის თავმჯდომარე აშშ-ს ვაჭრობის მინისტრის მეორე მოადგილეს მეთიუ მარის შეხვდა

"ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე და ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია” - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ს ვაჭრობის მინისტრის მეორე მოადგილემ მეთიუ მარიმ, საქპატენტში 12 მარტს (2015წ.) ვიზიტის დროს. ვრცელი კომენტარი ჟურნალისტებთან აშშ-ს სავაჭრო მისიის ხელმძღვანელმა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის წინ გააკეთა.

„ინტელექტუალური საკუთრება მნიშვნელოვანი საყრდენია ამერიკისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებისთვის. ეს იმიტომ, რომ ამერიკული კომპანიების 60%, რომელიც ექსპორტს სხვა ქვეყნებში აწარმოებენ, მათ შორის საქართველოში, მნიშვნელოვნად ეყრდნობიან ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმებს. აგრეთვე იმ შესაძლებლობებს, რომელსაც სხვა ქვეყნების კანონმდებლობა იძლევა ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან და საქპატენტთან, რათა შევქმნათ მტკიცე საფუძველი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საქმეში. ახლახან, გაგვიხარდა, როცა შევიტყვეთ, რომ საქართველოს მთავრობამ სალიცენზიო ხელშეკრულება გააფორმა "მაიკროსოფტთან". ეს ის შემთხვევაა, როდესაც დაპირება, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის რეალურად ქცევის შესახებ, განხორციელდა. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს სალიცენზიო ხელშეკრულება პირველი ნაბიჯია იმ სხვა მიღწევების ფონზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის უფრო მეტ ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობას მოუტანს", - აღნიშნა მეთიუ მარიმ.

მისივე თქმით, იგი საქართველოში იმყოფება ათი წამყვანი ამერიკული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად და ეს კომპანიები საქართველოში იმყოფებიან სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ აქამდე გადადგმული ნაბიჯებით წარმოაჩინა, რომ მას მტკიცედ აქვს განზრახული ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება.

"საქართველოს მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იმუშაოს კანონის უზენაესობაზე დაყრდნობით ჩვენი საერთო ღირებულებების პატივისცემისთვის, რაც გამოიხატება ინტელექტუალური საკუთრების და საინოვაციო საქმიანობის პატივისცემაში", - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის მინისტრის მეორე მოადგილემ.

შეხვედრას საქპატენტის ოფისში აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბიუროს უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში დანიკა სტარქსი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდნენ. განხილული იქნა საქპატენტისა და აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს, სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელების საკითხი, სიახლეები საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სტრატეგიასა და საქართველოს საონოვაციო სტრატეგიაში. ასევე საქპატენტის ხედვა კერძო სექტორისთვის ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და აღსრულების ხელშეწყობის კუთხით.


tag: